ტექსტოლოგიისა და საგამომცემლო საქმის თანამედროვე ტექნოლოგიები


                                                                               მაია ნინიძე

კომპიუტერული ტექნიკისა და ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ტექსტოლოგია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. დღითიდღე იზრდება ინტერნეტში განთავსებული ტექსტური მასალის რაოდენობა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ინტენსიურად აწარმოებს მის საცავებში არსებული წიგნების ციფრულ ფორმატში გადაყვანას და ვებგვერდზე განთავსებას, შეიქმნა ონლაინ კატალოგები. XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ამსახველი უამრავი ციფრული დოკუმენტური მასალა ქართულს გარდა მოიპოვება რუსულ ენაზეც. უსწრაფესი ტემპით ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოგიები, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული სამეცნიერო ამოცანის შესრულებისთვის საგანგებო პროგრამის შესაქმნელად საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალებები არ გვაქვს, ხშირად უკვე არსებული პროგრამების ბაზაზედაც კი შეიძლება ისეთი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც მიზნის მიღწევაში გვეხმარება.
შესაძლებლობების გაფართოებამ მოითხოვა კვლევის მასშტაბების ზრდა. პრაქტიკული ტექსტოლოგიის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი -  თხზულებათა აკადემიური გამოცემა, რომელიც თავს უყრის კლასიკოსთა ნაწერებს და აღჭურვავს მას მრავალმხრივი სამეცნიერო აპარატით, კიდევ უფრო ინფორმაციული და ამომწურავი უნდა გახდეს, რომ დააკმაყოფილოს თანამედროვე მკითხველის გაზრდილი მოთხოვნები. ამის მიღწევა კი შეუძლებელია უახლესი ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენების გარეშე. ციფრული ბაზები და კომპიუტერული ტექნოლოგიები 21- საუკუნის ტექსტოლოგიის მთავარი საყრდენია. იგი ფასდაუდებელი დამხმარე საშუალებაა აკადემიური გამოცემის მომზადების ყველა ეტაპზე.
ბიბლიოგრაფიის შედგენა: მწერლის თხზულებათა სრული კრებულის შესადგენად წყაროებად ვიყენებთ მის ავტოგრაფებს, ხელნაწერ ასლებს (რომელთა სანდოობასაც სათანადო კვლევის შედეგად ვიკვლევთ) და სიცოცხლისდროინდელ პუბლიკაციებს. ბიბლიოგრაფიის შედგენისას ფასადაუდებელ დახმარებას გვიწევს ციფრული კატალოგები, ანოტაციები და აღწერილობები. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ელექტრონული ბაზები ჰქონდეს ხელნაწერთა ყველა საცავს.  ამ საქმის განხორციელება ტექსტოლოგის მძიმე შრომას ბევრად გააიოლებს. მსოფლიოს ყველა წარმატებულ ქვეყანაში ხორციელდება პროექტები, რომელთა ფარგლებშიც ხდება საარქივო საცავებში დაცული დოკუმენტების დიგიტალიზაცია და მათი უმრავლესობა უფასოდ არის ხელმისწავდომი მეცნიერთათვის. მისასალმებელია, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაწყებული აქვს ერთერთი ასეთი პროექტის განხორციელება. აუცილებელია, რომ ტექსტოლოგიის სამეცნიერო ცენტს მუდმივად ჰქონდეს მათთან კონტაქტი და ხელი მიუწვდებოდეს უკვე მომზადებულ მასალებზე.
ავტორობის საკითხი: სრული ბიბლიოგრაფიის შესადგენად აუცილებელია იმ ანონიმური ხელნაწერებისა და ნაბეჭდი ტექსტების ატრიბუციული კვლევა, რომელთა ამ ავტორისათვის მიკუთვნებაზე თუნდაც ერთი არგუმენტირებული მოსაზრება მაინც გამოთქმულა. მხოლოდ მრავალმხრივი ატრიბუციული კვლევის შედეგად უნდა გადაწყდეს, შევიდეს ეს თხზულება აკადემიურ გამოცემაში თუ არა.
2007 წელს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის (ოცტომეული) მე-11 და მე-15 ტომების მზადებისას ანონიმური სტატიების ატრიბუციის მიზნით ტექსტოლოგიის ცენტრში დავნერგეთ  ციფრული ტექსტური კორპუსების შედარებითი ანალიზი. რამდენადაც წერილები დაბეჭდილი იყო გაზეთ დროების სარედაქციო გვერდზე ავტორის მითითების გარეშე, იმ დროს კი ამ პერიოდულ გამოცემას ორი რედაქტორი ჰყავდა - სერგეი მესხი და ილია ჭავჭავაძე, შევქმენით ამ ორი ავტორის პუბლიცისტური წერილების ციფრული ბანკი და ჩავატარეთ შედარებითი კვლევა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ პრეფიქს-სუფიქსების, თანდებულების, ზმნიზედებისა და სხვა დამხმარე სიტყვების სპეციფიკური გამოყენებით, ცალკეულ ლექსიკურ ერთეულთა სიხშირით და ენობრივ-სტილური მახასიათებლებით ანონიმური ტექსტები ბევრად უფრო ახლოს იყო ილია ჭავჭავაძის სტატიებთან, ვიდრე სერგეი მესხისასთან. ლინგვისტური კორპუსების ამგვარი შედარებითი ანალიზი საბოლოო დასკვნის გამოსატანად, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ იგი კარგი დამხმარე საშუალებაა. ანონიმური წერილების რაოდენობა, როგორც XIX საუკუნის, ისე შემდგომი პერიოდის, ქართულ პრესაში საკმაოდ დიდია და სხვადასხვა მწერალთა თხზულებების ციფრული კორპუსების შექმნა, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ამ ტექსტების ავტორთა დადგენასაც.
კომპიუტერული პროგრამების საძიებო სისტემების ეფექტურად გამოყენება შეიძლება ვრცელი ინტერპოლაციების, მაგალითად, „ვეფხისტყაოსნისიმ მონაკვეთების ავტორისეულობის სკითხის გასარკვევად, რომლებიც მეცნიერთა ერთი ნაწილის მიერ ჩანართებად არის მიჩნეული. ამისათვის თავდაპირველად საჭიროა ავტორისეულად აღიარებული ნაწილის საფუძვლიანი ანალიზი და შესადარებელი კომპონენტების შერჩევა, სტატისტიკურ მონაცემებს კი კომპიუტერი სწრაფად აღნუსხავს. სპეციფიკური კომპონენტების გამოსაკვეთად შეიძლება წინასწარ განხორციელდეს მათი შედარება დაახლოებით იმავე ეპოქის სხვა ტექსტებთან და არჩევანი გაკეთდეს იმ ელემენტებზე, რომლებიც ორ სხვადასხვა ავტორთან განსხვავებული აღმოჩნდება. მსგავსი შედარებების დროს ყურადღება შეიძლება მიექცეს არა მხოლოდ სემანტიკური მნიშვნელობის მქონე კომპონენტების გამოყენების სიხშირეს, არამედ სიტყვების სიგრძესაც კი. შექმნილია არაერთი კომპიუტერული პროგრამა, რომლებიც სტილემეტრიის მეთოდის გამოყენებით ახდენს ტექსტების შედარებას ავტორობის საკითხის გარკვევის მიზნით. მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულებია The Signature Stylometric System, Java Graphical Authorship Attribution Program და სხვ.
ატრიბუციული კვლევებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა ცნობილი ავტორის ხელწერის ნიმუშების სკანირებული ციფრული ბაზების შექმნას. ეს დახმარებას გაგვიწევდა ხელნაწერთა ავტორების იდენტიფიცირებაში, არქივების მოწესრიგებასა და აკადემიურ გამოცემათა სრულყოფაში. სასურველია, რომ ზემოთ დასახელებულების მსგავსი პროგრამები, რომლებიც გვეხმარება ხელნაწერთა იდენტიფიცირებაში, გამოყენებულ იქნას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სახელმწიფო არქივსა და მუზეუმებში დაცული დოკუმენტების შესასწავლად და დასახელებულ ორგანიზაციებს ჰყავდეთ ამ პროგრამებში კარგად გარკვეული კონსულტანტები. სტილემეტრიის მეთოდი იმდენად წარმატებულია, რომ წამოიჭრა პრივატულობასთან დაკავშირებით  ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხი და საგანგებო პროგრამაც კი იქნა შემუშავებული, რომელიც გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ, რომ ვერ მოხდეს ჩვენ მიერ შექმნილი ტექსტის ატრიბუცია  - Deceiving Authorship Detection Tools.
მწერლის თხზულებათა სრული ბიბლიოგრაფიის შესადგენად აუცილებლად უნდა შეიქმნას ანონიმური ტექსტების ციფრული კორპუსი და მათზე ჩატარდეს მრავალმხრივი ტექსტოლოგიური კვლევა.
გეგმა-პროსპექტის შედგენა: აკადემიურ გამოცემაში თხზულებები თავსდება ჟანრობრივ-ქრონოლოგიური პრინციპით. იმის გამო, რომ ცნობილ კლასიკოსთა გამოცემისას თავს იყრის ათობით ტომის მასალა და ტომებს გამოსაცემად სხვადასხვა მეცნიერები ამზადებენ, ამ უზარმაზარი ტექსტური კორპუსის სწორად ორგანიზება რთული საქმეა. არაერთი შემთხვევაა, როდესაც ერთი და იგივე ტექსტი თხზულებათა კრებულებში ორჯერ დაბეჭდილა - ერთხელ თარგმანებში და ერთხელ გადმოკეთებულებში, ერთხელ სათაურით და ერთხელ უსათაუროდ (ორჯერვე ერთი სათაურით ან განსხვავებული სათაურებით), ერთხელ თარიღიანებში და ერთხელ - უთარიღოებში. ამ საფრთხეს მეტწილად ქმნის ის, რომ ტექსტი სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა სათაურებით არის, ერთგან თარიღიანია და მეორეგან - უთარიღო, მეცნიერთა ერთი ნაწილი თარგმანად მიიჩნევს, მეორენი - გადმოკეთებულად, მეცნიერთა ერთი ნაწილი ერთ ჟანრს მიაკუთვნებს - მეორე კი - სხვას და . . ციფრული კორპუსები საშუალებას გვაძლევს, რომ თავიდან ავიცილოთ ყველა ეს პრობლემა, მაგრამ ამისათვის საჭიროა გამოსაცემად მომზადებული მთლიანი მასალის გადამოწმება საძიებო სისტემის დახმარებით.
გეგმა-პროსპექტის შედგენამდე  აუცილებლად არის გადასაწყვეტი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის:
ძირითად ნაწილში შევიტანოთ თუ სავარაუდონში: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანონიმური ტექსტის შეტანას ბიბლიოგრაფიაში წინ უნდა უძღოდეს მისი ავტორობის საკითხის გარკვევა, მაგრამ ეს არცთუ ისე იოლი საკითხია და ხშირად აბსოლუტური სიზუსტით ვერ კეთდება. ამიტომ, თუ ვთვლით, რომ თხზულება ამ ავტორს ეკუთვნის, მაგრამ სრულიად დამაჯერებლად ვერ ვამტკიცებთ ამას, უმჯობესია, რომ იგი მოვათავსოთსავარაუდონისგანყოფილებაში. გეგმა-პროსპექტის შედგენამდე ყველა ასეთ ტექსტთან მიმართებით უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი - რა სტატუსით შევა იგი მწერლის თხზულებათა აკადემიურ გამოცემაში, როგორც მისი ნაწარმოები თუ - როგორც სავარაუდოდ მისი. „სავარაუდონისგანყოფილება აკადემიურ გამოცემაში თავსდება ჟანრების ბოლოს, თითოეული ტომის ბოლოს ან ცალკე ტომად. ვფიქრობ, რომ თუ სავარაუდონი მოცულობით იმდენი არ არის, რომ ცალკე ტომი შეადგინოს, ისინი უმჯობესია არ გამოეყოს ჟანრის შიგნით არსებულ ქრონოლოგიურ რიგს და სხვა ტექსტებთან ერთად დაიბეჭდოს, მაგრამ აუცილებელია, რომ სათაურთან მითითებული იყოს გამოცემაში მისი სტატუსი - „სავარაუდოდა დაიბეჭდოს განსხვავებული შრიფტით, სხვაგვარი ფონით ან თითოეული გვერდის თავზე წარწერით, რომ ეს არის სავარაუდო. სავარაუდოთა განთავსება ცალკე ტომში ხშირად ართულებს მწერლის შემოქმედებითი განვითარების პროცესზე დაკვირვებას, მისი ჩართვა ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაში კი - აიოლებს მის აღქმას იმ პერიოდის თხზულებათა კონტექსტში.
ვარიანტი თუ  რედაქცია: იმის გადასაწყვეტად, თუ რა მიმართებაშია ერთმანეთთან ორი ტექსტი - ისინი ერთმანეთის ვარიანტებია თუ სხვადასხვა რედაქციები, ასევე უნდა ჩატარდეს წინასწარი კვლევა. რაც არ უნდა ბევრი იყოს ტექსტის ორ წყაროს შორის განსხვავება სიტყვების მართლწერაში, ლექსიკაში, თუნდაც იყოს არაერთი ფრაზა ჩამატებული ან გამოკლებული, თუ მათ შორის არსებითი, კონცეპტუალური ან ჟანრობრივი განსხვავება არ არის, ისინი მაინც ვარიანტებად ითვლება, მაგრამ თუ ტექსტის სიუჟეტმა, რომელიმე ნარატივმა, პესონაჟის სახემ, ავტორისეულმა  პოზიციამ ან სხვა კონცეპტუალურმა ელემენტმა განიცადა ცვლილება, რაც არ უნდა პატარა ტექსტური მოცულობის იყოს ეს ცვლილება, ეს წყარო მაინც რედაქციად უნდა ჩაითვალოს. მაგალითად, ილია ჭავჭავაძისიანიჩარიდაკანვოელიერთმანეთის რედაქციებია და არა ვარიანტები, მიუხედავად იმისა, რომ მათში მხოლოდ სათაური და ორიოდე ფრაზაა განსხვავებული, ასევეა გრიგოლ ორბელიანისსადღეგრძელოსწყაროები.
იმდენად, რამდენადაც რედაქციებს შორის განსხვავება ხშირად არსებითიც არის და მოცულობითიც, აკადემიური გამოცემებში დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ რედაქციები დაიბეჭდოს სამეცნიერო აპარატში სრულად. ხშირ შემთხვევაში ეს გამართლებულია, მაგრამ თუ ცვლილებები წყაროებს შორის მხოლოდ არსებითია და არა მოცულობითი, ვფიქრობთ, ძირითადი ტექსტისა და რედაქციის - ორივეს სრულად დაბეჭდვა აუცილებელი არ არის, შეგვიძლია, რომ სხვაობები ვარიანტების მსგავსი აღნიშვნებით წარმოვადგინოთ, მაგრამ კომენტარებში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, რის საფუძველზე იქნა ესა თუ ის წყარო მიჩნეული ძირითადი ტექსტის რედაქციად და არა ვარიანტად.
როდესაც შესადარებელი ტექსტები არა მცირე ზომის ლექსები, არამედ ვრცელი მხატვრული ან პუბლიცისტური თხზულებებია, ციფრულ კორპუსებს  მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია. მათი მეშვეობით იოლად ვპოულობთ ტექსტებში მსგავს ეპიზოდებსა და ფრაზებს (მათი არსებობის შემთხვევაში) და ეს გვეხმარება ურთიერთმიმართების გარკვევაში. ამგვარი ხერხი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც რაიმე ტექსტი უსათაურო ნაწყვეტის სახით არის შემორჩენილი. ასეთი შემთხვევები არცთუ იშვიათია, მაგ. აკაკი წერეთლის თხზულებათა წინა აკადემიური გამოცემის რუსული ნაწერების ტომში ერთი თხზულება ორჯერ იყო დაბეჭდილი - სხვადასხვა სათაურებით.
რედაქცია თუ დამოუკიდებელი ნაწარმოები: შემოქმედებითი მუშაობის პროცესში ნაწარმოებმა შეიძლება განიცადოს ცვლილებები მრავალი სხვადასხვა მიმართულებით - შეიცვალოს სათაური, სიუჟეტი, პერსონაჟის სახე, სახელები და სხვ. ჩაფიქრებული ერთი ნაწარმოები შეიძლება დანაწილდეს თემებად და შეიქმნას რამდენიმე დამოუკიდებელი თხზულება ან, პირიქით, რამდენიმე სიუჟეტი გაერთიანდეს ერთ თხზულებაში. რა არის ასეთ დროს ის დასაყრდენი, რაც გაგვამიჯნინდებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნაწარმოებებს? ამ საყრდენად სათაური ნამდვილად ვერ ჩაითვლება, რადგამ ბევრ მწერალს აქვს ერთნაირი სათაურის რამდენიმე, ზოგჯერ ათზე მეტი თხზულებაც კი. თან, მწერალმა შეიძლება დასრულებულ ნაწარმოებს შეუცვალოს სათაური და თხზულებას მხოლოდ ამიტომ დამოუკიდებელ ერთეულად ვერ ჩავთვლით. ვფიქრობთ, რომ თუ მწერლის რომელიმე ავტოგრაფში ჩანს ისეთი შემოქმედებითი ძიებები, რომლებიც განვითარდა სხვა დასათაურების დასრულებულ ნაწარმოებში, ეს ურთიერთმიმართება აკადემიურ გამოცემაში მითითებული უნდა იყოს და ტომის მომმზადებლებისა და რედაქტორების შეხედულებისამებრ, შეიძლება რედაქციადაც დაიბეჭდოს. მთავარია, რომ აკადემიურ გამოცემაში ამ მხრივ ერთიანი პრინციპი გატარდეს და თითოეული გადაწყვეტილება იყოს არგუმენტირებული.
დათარიღება: იმისათვის, რომ სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვაგვარად დათარიღებული (ან ერთგან უთარიღო და მეორეგან - თარიღიანი) ტექსტი აკადემიურ გამოცემაში ორჯერ არ მოხვდეს ან ისეთი ტექსტები არ შევიდესუთარიღონისგანყოფილებაში, რომელთა დათარიღებაც შესაძლებელია, აუცილებელია, რომ გამოცემის გეგმაპროსპექტის შედგენამდე ჩატარდეს საფუძვლიანი კვლევები უთარიღო თხზულებების დასათარიღებლად. ზოგიერთი გამომცემელი იწყებს ტომების დაკომპლექტებას დათარიღებული ტექსტებით და უთარიღოებს პირდაპირ ათავსებს ბოლო ტომში - „უთარიღოებისგანყოფილებაში, რაც აკადემიური გამოცემისათვის სრულიად მიუღებელია. აკადემიური გამოცემა ჩვეულებრივი პოპულარული გამოცემებისაგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ მას საფუძვლად უდევს ფუნდამენტური ტექსტოლოგიური კვლევები.
გრიგოლ ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობის წინა გამოცემაში წერილების დიდი ნაწილი არ იქნა შეტანილი არა იმიტომ, რომ მათი არსებობა გამომცემლებისათვის უცნობი იყო, არამედ იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა მათი დათარიღება. სწორედ ციფრულ კორპუსებზე დამყარებული კვლევის ტექნოლოგიების გამოყენებით შევძელით წინა გამოცემიდან გამოტოვებული 63 წერილის დათარიღება, ტომებში შეტანა და ჩასმა ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაში.
არსებობს ტექსტები, რომლებშიც არავითარი ისეთი ხელჩასაჭიდი რეალია არ არის ნახსენები, რომელიც დათარიღებაში დაგვეხმარებოდა, მაგრამ კვლევა მათზედაც უნდა ჩატარდეს. ზოგჯერ მოღვაწეობის გარკვეულ ეტაპზე მწერალი სხვაგვარად წერს რაღაც სიტყვას, მიმართავს ისეთ მხატვრულ ხერხს, რაც მისთვის მანამდე არ იყო დამახასიათებელი და სხვ. ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას მიახლოებითი დათარიღებისთვის. აკადემიური გამოცემის ბიბლიოგრაფიის შედგენის შემდეგ ერთერთი პირველი საქმე, რაც უნდა გაკეთდეს, არის უთარიღო ტექსტების კორპუსის შეკვრა და მათზე კვლევის ჩატარება. ის ტექსტები, რომელთა დათარიღებაც მოხერხდება, უნდა გადანაწილდეს შესაბამისი ჟანრის ტომებში ქრონოლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით, დანარჩენები კი - შევაუთარიღონისგანყოფილებაში. თუ ტექსტის ზუსტი დათარიღება არ ხერხდება, ხშირ შემთხვევაში ისიც კი ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი მიახლოებითი დათარიღება, თუნდაც ათწლეულის სიზუსტით. ასეთ შემთხვევაში ტექსტი ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაში ადგილს დაიკავებს სავარაუდო დროითი ინტერვალის ბოლო ნიშნულის მიხედვით. აკადემიური გამოცემის ერთერთი უმთავრესი პრინციპია ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, რაც საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად წარმოვიდგინოთ ავტორის პიროვნული და შემოქმედებითი განვითარების სურათი. ამიტომ თითოეული ტექსტის დათარიღება ძალზე მნიშვნელოვანია.
XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის გამოცემაში წარმოდგენილი  ავტორების უთარიღო წერილების დათარიღებაში უდიდესი დახმარება გაგვიწია ეპისტოლეთა ჩვენ მიერვე შედგენილმა ციფრულმა კორპუსებმა. საძიებო სისტემები დიდი მოცულობის ტექსტებშიაც კი მნიშვნელოვნად აიოლებს ამა თუ იმ სიტყვის, სახელის თუ ციფრის პოვნას. ეს საშუალებას გვაძლევდა, გვეწარმოებია წერილების შედარებითი ანალიზი და დაგვედგინა უთარიღო ტექსტების შექმნის დრო. ამ ტექნოლოგიის გამოყენების მნიშვნელოვანი დამსახურებაა ის, რომ უკვე მოხერხდა 120-ზე მეტი უთარიღო წერილის დათარიღება. რა თქმა უნდა, კვლევის მეთოდი და ხასიათი ასეთ შემთხვევებში უმეტესად იგივე რჩებოდა, მაგრამ კომპიუტერი გვეხმარებოდა ტექნოლოგიური პროცესის უფრო მარტივად, ზუსტად და ეფექტურად განხორციელებაში.
1840-50-იან წლებში, როდესაც მიმდინარეობდა რუსეთის დაპყრობითი ომი ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელშიც გრიგოლ ორბელიანიც მონაწილეობდა,  მას ხშირად უწევდა გადაადგილება ერთი გეოგრაფიული პუნქტიდან მეორეში. იმ წერილების დათარიღებაში, რომლებზეც მითითებული იყო გამოგზავნის ადგილი, მაგრამ არ იყო წელი (ასეთი კი ძალზე ბევრია), დიდი დახმარება გაგვიწია ტექსტების ერთიანი კორპუსის ანალიზმა. ხდებოდა იმ ბარათების გამოყოფა, რომლებიც ერთი და იმავე გეოგრაფიული პუნქტიდან იყო გამოგზავნილი და შემდეგ წარმოებდა მათი შედარებითი ანალიზი.
ციფრული კორპუსი დაგვეხმარა მაგალითად იმაშიც, რომ თავისი ძმის - ზაქარიასადმი გრიგოლ ორბელიანის მიერ მიწერილი უთარიღო წერილის თეთრი და შავი ავტოგრაფები ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის გამოცემაში ორ დამოუკიდებელ ტექსტად არ დაიბეჭდა და დროულად მოხდა მათი ტექსტების შინაარსობრივი კავშირის დადგენა.

ტექსტების ციფრული კორპუსი: ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ცხადია, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური გამოცემის მზადების დაწყებისთანავე შეიქმნას ტექსტების სრული ციფრული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება გამოცემაზე მომუშავე ყველა პირისათვის. ეს ციფრული კორპუსი იქნება იდეალური საკვლევი მასალა არა მხოლოდ დათარიღებისა და ატრიბუციისათვის, არამედ თვით ტექსტის ავთენტური წაკითხვების დასადგენადაც.  ზოგჯერ მწერალი ხმარობს ისეთ სიტყვას ან სიტყვაფორმას, რომელიც შეიძლება კორექტურულ შეცდომად მოგვეჩვენოს და ჩავასწოროთ (ასეთი შემთხვევები მრავლად არის სხვადასხვა გამოცემებში), მაგრამ ეს იყოს მისი ენობრივ-სტილური მახასიათებელი ან მის მიერ შექმნილი ნეოლოგიზმი. ეს საკითხი ძალზე ხშირად შეიძლება მარტივად, ერთ წუთში გადაწყვიტოს კორპუსულმა კომპიუტერულმა კვლევამ. თუ  ეს სიტყვა ასეთი ფორმით სხვაგანაც მეორდება, მაშინ კორექტურული შეცდომა ნაკლებ სავარაუდოა. როდესაც ილია ჭავჭავაძის ტექსტში შეგვხვდა სიტყვაბავშვისუცნაური დაწერილობა - „ბაშვი“, თავდაპირველად ყველას კორექტურული შეცდომა ეგონა და ზოგი მეცნიერი მოითხოვდა მის ჩასწორებას, მაგრამ, მოგვიანებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარა მკვლევარ ლევან ჭრელაშვილის მიერ მწერლის სიცოცხლისდროინდელ ერთერთ პუბლიკაციაში ამოკითხული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიტყვის ამგვარი დაწერილობა დამახასიათებელი იყო ილია ჭავჭავაძისთვის. იმ დროს რომ ციფრული ბაზები არსებულიყო და უცებ გვენახა, რა ხშირად ხმარობდა მწერალი დაწერილობასბაშვი“, პრობლემა უცებ გადაიჭრებოდა.
დამხმარე ტექსტების ციფრული კორპუსი: თხზულებათა აკადემიური გამოცემის მომზადებისას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია დამხმარე ციფრულ კორპუსსაც. ინტერნეტის საძიებო სისტემებით სიტყვის ან ფრაზის ძიებისას ზოგჯერ იმდენი მაგალითი ჩანს, რომ ძნელია მათგან ჩვენთვის საინტერესოს შერჩევა, ჩვენ მიერ გამოცემისათვის საგანგებოდ შედგენილი დამხმარე ციფრული კორპუსი კი უფრო მოქნილია მოსახმარად. აქ გაცილებით უფრო იოლად შეიძლება ინფორმაციის მოძიება. ამ კორპუსში შეიძლება შევიდეს თხზულებათა წინა გამოცემების სამეცნიერო აპარატი, მწერლისა და მისი ახლობლების ციფრული გენეალოგიები, ბიბლიოგრაფიები, კრიტიკული ნაშრომები მასზე და სხვ. ინტერნეტში უკვე საკმაოდ ბევრია ისეთი მასალა, რომელთა საფუძველზეც შეიძლება მსგავსი კორპუსების შექმნა ნებისმიერი კლასიკოსის თხზულებათა გამოსაცემად მომზადებისთვის. პირველად ასეთი კორპუსი გამოვიყენეთ ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემის მზადებისას. რადგან მე-19 საუკუნეში ძალზე მჭიდრო იყო ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ბევრი დოკუმენტური მასალა არსებობს რუსულ ენაზე, რის გამოც, საგანგებოდ ცალკე შევქმენით რუსულენოვანი ციფრული ბაზა, რამაც ასევე უდიდესი დახმარება გაგვიწია. ამ ეპოქის სხვა მწერლების თხზულებათა გამოცემისასაც სასურველი იქნებოდა მსგავსი რუსულენოვანი ბაზების შექმნა.
კომენტარების ციფრული კორპუსი: მრავალტომეულის მზადებისას ხშირად ეფექტური დახმარების გაწევა შეუძლია იმავე ან მსგავს მოვლენაზე ჩვენ მიერვე წინა ტომებისთვის გაკეთებულ კომენტარებს ან საკომენტარო მასალის შეკრებას და ერთიან ანალიზს, რომელსაც შემდეგ ყველა ცალკეული კომენტარისთვის გამოვიყენებთ. მაგალითად, იმისათვის, რომ გაგვერკვია, ვინ იყო ორბელიანის წერილებში ხშირად ნახსენებიძია ალექსანდრე“, მოგვიხდა ამ პიროვნების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ყველა წერილიდან  და შემდეგ, დაგროვილი მონაცემების მიხედვით ვარაუდის ჩამოყალიბება. საკომენტარო მასალის კორპუსი დაგვეხმარა გრიგოლ ორბელიანის ბარათებში მისი დედის გარდაცვალების შემდეგდედადმოხსენიებული პიროვნების ვინაობის დადგენაში და სხვ.
საძიებლების ციფრული კორპუსი: რამდენადაც აკადემიური გამოცემის დაწყებამდე ხდება საძიებლების შედგენის და მათი ტიპების პრინციპის შემუშავება და რამდენადაც სხვადასხვა ტომებში ხშირად მეორდება ერთი და იგივე პირები, გეოგრაფიული სახელები, ჟურნალ-გაზეთები და სხვ.  უაღრესად მოსახერხებელია საძიებლების ერთიანი კორპუსის შემნა. კომენტარისაგან განსხვავებით, არ არის აუცილებელი, რომ საძიებლის ანოტაციის ფორმულირება კონტექსტიდან გამომდინარე ვცვალოთ. მას შეიძლება ჰქონდეს შაბლონური სახე და ტომიდან ტომში უცვლელად გადადიოდეს, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ საძიებლის ანოტაცია მოკლე და ინფორმაციული იყოს და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანოტაციის ტექსტში ერთგან დაშვებული შეცდომა ერთი ტომიდან სხვებში გადატანისას უარეს შედეგს მოიტანს. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ინტერნეტში არსებული საცნობარო, ბიბლიოგრაფიული და ბიოგრაფიული მასალა აუცილებლად უნდა გადამოწმდეს სანდო წყაროებთან. არ შეიძლება, რომ ვიკიპედიიდან ან სოციალური ქსელებიდან ამოღებული მასალა უკონტროლოდ დავბეჭდოთ აკადემიურ გამოცემაში, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება.
აკადემიური გამოცემის მზადებისას, კომენტარებსა და საძიებლებზე გვერდების მითითება ქართველი ტექსტოლოგების მიერ 2007 წლამდე ხდებოდა ამობეჭდილი დაკაბადონებული ტექსტის ხელახალი წაკითხვით. ამაზე დიდი დრო იხარჯებოდა. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მე-11 ტომის მზადებისას პირველად გამოვიყენეთ „PDF“ ფაილის საძიებო სისტემა საძიებლებსა და კომენტარებში გვერდების მისათითებლად. ამჯერად სიტყვებს ვეძებთ ფუძის სახით, რომ ვიპოვოთ ნებისმიერ ბრუნვაში ჩასმული ფორმები.
მოგვიანებით, გრიგოლ ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობის გამოცემისას  საძიებლების ანბანურ რიგზე დასალაგებლად გამოვიყენეთ „Microsoft Word-ისშესაბამისი ინსტრუმენტი. ამას გარდა, შევიმუშავეთ ამ ინსტრუმენტის გამოყენების ტექნოლოგია გამოცემაში ერთი და იგივე მასალის ორჯერ დაბეჭდვის თავიდან ასაცილებლად. ამის საშიშროება განსაკუთრებით დიდია თუ ერთი და იგივე ჟანრის ნაწარმოებებს რამდენიმე ტომი უკავია.
ტექსტების ციფრული ანბანური საძიებელი: ანბანურ რიგზე დალაგების ინსტრუმენტი კარგი გამოსაყენებელია ტომში შემავალი თხზულებების, მაგალითად ლექსების, ანბანური საძიებლის შესადგენად. რამდენადაც აკადემიურ გამოცემაში შესატან თხზულებებს სხვადასხვა წყაროებში ხშირად სხვადასხვა სათაურები აქვს, 2012 წელს ნიკო ლორთქიფანიძის თხზულებათა ბიბლიოგრაფიის ციფრული ვარიანტის შედგენისას შევიმუშავეთ პრინციპი - ამა თუ იმ სათაურის მქონე ტექსტის იოლად საპოვნელად ყველა წყაროს სათაურები შეგვეტანა თხზულებათა ანბანურ საძიებელში, თხზულებათა აკადემიური გამოცემის ანბანურ საძიებლებში კი არაძირითადი წყაროს სათაურის გვერდით მიგვეთითებია ის სათაური, რომლითაც გამოცემაში იბეჭდება ძირითადი წყარო. გამოყენების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს  სწორედ ასეთი ანბანური საძიებლის შედგენას, რომელშიც ყველა სათაური იქნება გატანილი, ძირითადი წყაროსიც და სხვა წყაროებისაც და ეს ყველაფერი ანბანური თანმიმდევრობით იქნება დალაგებული.
სამეცნიერო პასპორტის შაბლონი: აკადემიურ გამოცემებში ხშირია შემთხვევები, როდესაც სამეცნიერო პასპორტიდან რაიმე მუხლი არის გამორჩენილი. ამიტომ მოსახერხებელია პასპორტის ციფრული შაბლონის შექმნა და მისი კოპირებული ასლის ჩასმა თითოეული ტექსტის სამეცნიერო აპარატში. ეს შეგვახსენებს, რომ თითოეული ეს ველი შესავსებია საჭირო ინფორმაციით ან რომ დასასაბუთებელია მისი პასპორტიდან გამოტოვება. მაგ. თუ ტექსტს არა აქვს სათაური, ქვესათაური, თარიღი ან ხელმოწერა, ეს მუხლები პასპორტში არ უნდა შევიდეს, მაგრამ კომენტარებში მითითებული უნდა იყოს - რატომ.
ძირითადი ტექსტის დიგიტალიზაცია: დღემდე ტექსტოლოგები თხზულებათა აკადემიური გამოცემის მომზადებისას ტექსტის კომპიუტერში შესაყვანად იყენებენ წინა გამოცემის ტომეულებს, რაც ზედმეტ შრომასთან არის დაკავშირებული. მას შემდეგ რაც ოპერატორი ტექსტებს კრეფს, ტომის მომმზადებლები მიდიან ბიბლიოთეკაში, სადაც არის დაცული შესაბამისი პერიოდის ჟურნალ-გაზეთები და გამოცემები და აკეთბენ აკრეფილი ტექსტის კორექტურას პირველწყაროს მიხდვით. ჩასასწორებელი კი ხშირად საკმოდ ბევრია. უფრო მოსახერხებელი იქნება თუ იმთავითვე გადავიღებთ ძირითადი წყაროების ქსეროასლებს, ოპერატორიც ამ ასლებიდან აკრეფს ტექსტს და ტომის მომმზადებელიც მასთან შეადარებს აკრეფილ ტექსტს. მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოცემული თხზულებათა კრებულები, თუნდაც აკადემიური იყოს, ავთენტურ წყაროდ ვერ ჩაითვლება და ტექსტის დიგიტალიზაციისას მისი გამოყენებით  ტყუილად ვირთულებთ საქმეს.
მით უფრო აუცილებელია ასლის გადაღება  (სასურველია ციფრული ასლი) იმ შემთხვევაში თუ ძირითადი წყარო არა ნაბეჭდი ტექსტი, არამედ ხელნაწერია. მეცნიერი თავდაპირველად მიდის არქივში ბიბლიოგრაფიის შესადგენად, შემდეგ მიდის ტექსტის ხელით გადმოსაწერად და მესამედ მიდის მისი ხელნაწერიდან კომპიუტერში შეყვანილი და ამობეჭდილი ტექსტის ხელნაწერთან შესადარებლად. თუ გავითვალისწინებთ, რომ საარქივო მასალა ძირითადად მეორე დღეს მიეწოდება მომხმარებელს, შეიძლება რომ ერთი, თუნდაც პატარა ტექსტის ძირითადი წყაროს დასაბეჭდად მომზადებისათვის ხელნაწერთა არქივში ექვსჯერ მისვლა გახდეს საჭირო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ  რთულად ამოსაკითხი ტექსტი ხშირად მასზე ხანგრძლივი მუშაობისა და კომენტირების შემდეგ ზუსტდება და გადასამოწმებლად ისევ ხდება საჭირო ავტოგრაფის ნახვა. ყოველივე ზემოთქმულის გამო აუცილებელია, რომ არსებობდეს შეთანხმება სხვადასხვა არქივებთან და აკადემიური გამოცემების მზადებისას, საარქივო მასალის სრულ დიგიტალიზაციამდე, ტექსტოლოგებს ხელი მიუწვდებოდეთ ავტოგრაფების არსებულ ციფრულ ვარიანტებზე და, შესაბამისი  ციფრული ვერსიების არარსებობის შემთხვევაში, ჰქონდეთ მათი გადაღების საშუალება. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ტრადიციული აკადემიური გამოცემის გარდა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე განვახორციელოთ თანამედროვე ტიპის ციფრული გამოცემებიც.
კორექტურა: ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპერატორს გამორჩება ხოლმე მეცნიერის მიერ მონიშნული სწორების ტექსტში შეტანა ან მექანიკურად წაეშლება ტექსტის რაღაც ნაწილი (ეს შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის შესაბამისი ღილაკის ზედმეტად  შეხებამ). თუ მეცნიერმა ტექსტის კორექტურა ერთხელ გულდასმით გააკეთა, მას შეუძლია გამოიყენოს Microsoft Word-ის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაშემიდარე და შემიჯერე დოკუმენტები“, რომელიც მოგვინიშნავს და ველზე გამოგვიტანს, რა ცვლილებები იქნა შეტანილი ტექსტში მეცნიერის მიერ მისი პირველი წაკითხვის შემდეგ. ამ ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში მეცნიერს შეეძლება, რომ ციფრულ ფორმატში გვერდის ველზე გამოტანილი სწორებები შეადაროს მის მიერ ფურცელზე მონიშნულებს.
ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის ციფრული ბაზა: აკადემიური გამოცემის მზადებისას თავს იყრის მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანის შესადგენად საჭირო უმთავრესი ინფორმაცია. შესაბამისად, სასურველია, რომ ამ მატიანის ციფრული ვერსია მომზადდეს აკადემიური გამოცემის პარალელურად. ქრონოლოგიურ რიგზე დალაგებული ანოტაციები ფასდაუდებელ დახმარებას გაგვიწევს როგორც ტექსტების ატრიბუციული კვლევის დროს, ისე დათარიღებისა და კომენტირებისას. რამდენადაც განყოფილების თანამშრომლები ჩართულნი არიან აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მომზადებაში, ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან განვახორციელოთ საინსტიტუტო პროექტიაკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური გამოცემის უკეთ მომზადებას.
სამწუხაროდ, ქართველი მეცნიერები იშვიათად ვიყენებთ „WEB 2“ ტექნოლოგიებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივმართოთ ფართო საზოგადოების  ჩართვას კონკრეტული მეცნიერული ამოცანის შესულებაში. თუ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეს მის დაბეჭდვამდე ავტვირთავთ „WEB 2“ ქსელში, მეცნიერთა ფართო წრესა და მკითხველ საზოგადოებასაც შეეძლება მონაწილეობა მიიღოს მის შევსებასა და სრულყოფაში, ხოლო თუ შესაძლებლობა იქნება და ეს მატიანე რომელიმე საერთაშორისო ენაზე ითარგმნება, ეს ხელს შეუწყობს მწერლის ცხოოვრებისა და შემოქმედების შესახებ ინფორმაციის ჩართვას საერთაშორისო მიმოქცევაში.
ტექნოლოგიების განვითარება არ ამცირებს მეცნიერთა და მკითხველთა ინტერესს  სამეცნიერო აპარატისა და ტექსტოლოგიური ძიებებისადმი. ბირმინჰემის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ რობინსონი წერს: „ტექსტოლოგების საჭიროებებს და მკითხველის ინტერესებს მხოლოდ ციფრული არქივები ვერ დააკმაყოფილებს... არგუმენტების გარეშე ჩვენი არქივები ტომრებია მოუხმარელი სიტყვებითა და გამოსახულებებით  სავსე“.
ზემოთ განვიხილეთ მხოლოდ ის ასპექტები, სადაც შესაძლებელია კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ტრადიციული აკადემიური კვლევებისათვის და ტომეულების ბეჭდურად გამოსაცემად, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ცალკე საკითხია ციფრული სამეცნიერო და აკადემიური გამოცემები, რაშიც ევროპისა და ამერიკის ტექსტოლოგებმა სულ ცოტა ორი-სამი ათეული წლით მაინც ჩამოგვიტოვა უკან.  აქ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს უკავშირდება არა მხოლოდ კვლევის ეტაპი, არამედ წიგნის ფორმატიც.
ელექტრონული აკადემიური გამოცემის შესახებ საუბარი მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ იგი ესმოდათ, როგორც ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ტრადიციული აკადემიური ტომეულები. ელექტრონული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. ელექტრონული აკადემიური გამოცემები განვითარდა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით - მოხდა მათი სოციალიზაცია (ისინი გახდა ინტერაქტიული - დინამიური ტექსტი), დაიწყეს ტექსტის ყველა ავთენტური წყაროს სრულად წარმოდგენა ციფრულ ფორმატში (ვარიორუმი) და ჰიპერტექსტუალური ბმულების გამოყენება, რომელთა მეშვეობითაც ტექსტის ორგანზომილებიანი სიბრტყე მრავალგანზომილებიანი გახდა.
რეტროგრადები ხშირად იშველიებენ ცნობილი მწერლის ალფრედ ჰაუსმანის გამონათქვამს, რომ მათემატიკას და სტატისტიკას ტექსტოლოგიურ კვლევებთან არაფერი აქვს საერთო და რომ ტექსტოლოგისთვის მხოლოდ სხარტი გონება და ინტუიციაა საჭირო“,  მაგრამ უახლესმა ტექნოლოგიებმა ცალსახად შეცვალა ეს დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ლოგიკური აზროვნება და ინტუიცია ტექსტოლოგს ყველა დროში სჭირდება, მაგრამ სწორედ ამ უნარებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით არის შესაძლებელი ტექსტოლოგიის წინაშე მდგარი გამოწვევებისთვის თვალის გასწორება. ჰაუსმანის მოსაზრება სრულიად გააბათილა ბირმინჰემის უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა ინგლისელმა ტექსტოლოგმა პიტერ რობინსონმა თავის კვლევაშიტექსტოლოგიის გამოწვევები 1991“. მოგვიანებით, 2005 წელს კი პიტერ რობინსონი წიგნშიშუასაუკუნეების ტექსტების ელექტრონული გამოცემის მიმდინარე საკითხები ანუ აქვს თუ არა მომავალი ელექტრონულ აკადემიურ გამოცემებსამტკიცებდა: „მთელმა სამეცნიერო საზოგადოებამ აუცილებლად უნდა ირწმუნოს ციფრული გამოცემის უპირატესობა ნაბეჭდთან მიმართებით“.
დღესდღეობით ციფრული ტექნოლოგიების ამოუწურავი შესაძლებლობების გამო მეცნიერთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აკადემიური გამოცემების მომავალი ელექტრონულ ფორმატშია. მაგ. ცნობილი ტექსტოლოგი ვალტერ გაბლერი წერს, რომ სამეცნიერო აპარატი მთლიანად გადაინაცვლებს ელექტრონულ გამოცემებში, ბეჭდური საშუალებები კი დარჩება მხოლოდ ტექსტების საკითხად. ელექტრონულ აკადემიურ გამოცემებში, იმის წყალობით, რომ ციფრული ფორმატი იძლევა ამის საშუალებას, შესაძლებელი ხდება ყველა ავთენტური წყაროს სრულად წარმოდგენა, ტექსტისა და გამოსახულების სინქრონიზაცია, საზოგადოებასთან ინტერაქცია და სხვ. „დონ-კიხოტისუახლესი ელექტრონული აკადემიური გამოცემის მომზადებისას გამოყენებულ იქნა არაერთი ინოვაციური პროგრამა და ტექნოლოგია, მაგ. ტექსტების ელექტრონულ ფორმატში შედარებისა და კომენტირებისათვის - დოკუმენტების მულტივარიანტული რედაქტორი, ვარიანტების შედარების შედეგების წარმოსაჩენად - ინტერაქტიული თანმიმდევრობითი მაჩვენებელი. ელექტრონული გამოცემა იძლევა იმის საშუალებასაც, რომ მოხდეს ვარიანტულ სხვაობათა კლასიფიკაცია: კალმისმიერი, ტიპოგრაფიული, ლექსიკური, მართლწერითი, გრამატიკული, კონცეპტუალური და სხვ. რაც უდავოდ საინტერესო იქნება მკითხველისათვის.
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში კვლევის შესაძლებლობები ძალზე გაიზარდა და გამარტივდა. შესაბამისად, ჩვენი აზრით, მათდამი კრეატიული მიდგომა ტექსტოლოგიის წარმატებული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.